აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვა ორსულობის დროს

მითი იმის შესახებ, რომ გულის კორონარული დაავადება ,,მამაკაცის დაავადებაა“ გაქარწყლდა.

ყოველწლიურად მსოფლიოში 9.1 მილიონი ქალი იღუპება გულის დაავადებებით და ინსულტით, რაც აჭარბებს იმ ქალთა რიცხვს, რომლებიც იღუპებიან კიბოთი, ტუბერკულოზით, აივ/შიდსით და მალარიით ერთად.

გულ-სისხლძრღვთა დაავადებების უმრავლესობა პრევენტაბელურია, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია პოპულაციისთვის.

განსხვავებები და ზოგადად სპეციფიურობა გულის კორონარული დაავადების მიმდინარეობის, სიმპტომების, გამოსავლის და პროგრესირებისა ქალებში განაპირობებს ამ პოპულაციაში ნაკლები მტკიცებულებების არსებობას.

ქალებს აქვთ რისკი ინსულტის განვითარებისა და ამ რისკის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ორსულობის მიმდინარეობა, ანამნეზში - ჰორმონოთერაპია და ა.შ. ორსულობა არის სტრესული ხასიათის რისკ-ფაქტორი და იძლევა შესაძლებლობას ქალის კარდიო-ვასკულურ გართულებათა რისკის გამოვლენისა სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე.

ჯანდაცვის პროფესიონალი, რომელიც პირველად ხვდება ქალს, აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეს და გამოკითხოს მას ორსულობის ისტორია - გესტაციური დიაბეტი, პრეეკლამფსია, ნაადრევი მშობიარობა, გესტაციური ასაკისთვოის შეუფერებელი ნაყოფის წონა, სისხლდენა ორსულობის მესამე ტრიმესტრში, გამიხილება, როგორც კარდიო-ვასკულურ დაავადებათა განვითარების რისკები.

მეანისაგან შესაბამისი რეფერალი, მშობიარობის შემდგომ, რისკ-ფაქტორთა მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას იძლევა.

საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება აგრძელებს აქტივობებს რეპროდუქციული ასაკის ქალთა კარდიო-ვასკულური რისკის შეფასების მიმართულებით, გეგმავს  2011 წლის გაიდალინის ,,გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვა ორსულობის დროს“ ადაპტირებული ვერსიის შემუშავებას.

დაავადებათა მართვის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) შემუშავების სახელმძღვანელოს მიხედვით ამ მიზნით შეიქმნა მულტიდისციპლინარული სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
  1. პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი, აკად.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
  2. დალი ტრაპაიძე - კარდიოლოგი, ჯგუფის საკონტაქტო პირი;
  3. თამარ აბესაძე - კარდიოლოგი,თარგმანზე პასუხისმგებელი;
  4. ნინო შარაშიძე - კარდიოლოგი,თარგმანზე პასუხისმგებელი;
  5. ხათუნა კერესელიძე - გინეკოლოგი;
  6. მაკა მშვილდაძე - ნეონატოლოგი;
  7. ილია თავზარშვილი - მორფოლოგი;
  8. გოგი საათაშვილი - კარდიოლოგი;
  9. ლია მგალობლიშვილი - კარდიოლოგი;
  10. ნანა თოდუა - ულტრაბგერითი კვლევის სპეციალისტი;
  11. ქეთევან ქოქიაური - ექთანი.
კონსულტანტები :
  1. ლელა სტურუა - საზოგადოებრივი ჯანმრთელობა;
  2. ნია გიუაშვილი - საზოგადოებრივი ჯანმრთელობა;
  3. მარინა ბაიდაური - ჯანდაცვის ორგანიზაცია;
  4. ნანა ასათიანი - პირველადი ჯანდაცვა.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვა ორსულობის დროს

(ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გაიდლაინი, 2011წ)
ძირითადი ასპექტები

ქალთა ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილობის მიზეზებს შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები პირველ ადგილს იკავებს. საყურადღებოა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ქალთა ჯანმრთელობის წამყვან პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ მენოპაუზის შემდგომ, არამედ რეპროდუქციული ასაკის ქალებშიც.

ლიტერატურული მონაცემებით ორსულთა შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გამოვლენილია 2-4%-ში, თითოეული ექიმის პრაქტიკაში აღნიშნული პრობლემით პაციენტთა რაოდენობის სიმცირე  განაპირობებს ორსულთა კარდიოვასკულური დაავადებების მართვის გამოცდილების უკმარისობას. ზემოთაღნიშნულ გარემოებათა გათვალსიწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი რეკომენადციების (გაიდლაინის) მისაწვდომობას. აქვე უნდა აღინიშნოს, ორსულთა შორის კარდიოვასკულური დაავადებების პროსპექტული კვლევების დეფიციტი. ამდენად მოწოდებული რეკომენდაციები მიეკუთვნება მტკიცებულებათა ,,C” დონეს. აქედან გამომდინარე არსებობს ორსულთა კარდიოვასკულური დაავადებების რეგისტრების ფორმირებისა და მართვის ასპექტებთან დაკავშირებული პროსპექტული კვლევების წარმართვის განსაკუთრებული აუცილებლობა.

დასავლეთის ქვეყნების ორსულთა შორის კარდიოვასკულური დაავადებათა რისკის ზრდას ხსნიან, როგორც პირველი ორსულობით ქალთა ასაკის ზრდით, აგრეთვე რისკ-ფაქტორთა - დიაბეტი, ჰიპერტენზია, სიმსუქნე -- გავრცელების ზრდით. ამ ასაკის ქალებში გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ გულის თანდაყოლილ დაავადებათა ეფექტური მკურნალობის გამო პროგნოზის გაუმჯობესება განაპირობებს აღნიშნულ პრობლემით იმ პაციენტთა რაოდენობის ზრდას, რომლებიც აღწევენ რეპროდუქციულ ასაკს და ორსულდებიან.

ჰიპერტენზია არის ზოგადად ყველაზე ხშირი კარდიოვასკულური პრობლემა ორსულთა შორის. დასავლეთის ქვეყნებში ორსულთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის სჭარბობს თანდაყოლილი დაავადებები. განვითარებად ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს გულის რევმატული გენეზის სარქვლოვანი პათოლოგიები.

ორსულობის დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შეფასებასა და მართვის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პაციენტისთვის ორსულობის დადგომამდე.

ორსულობის დროს დაავადებათა მართვის გაიდალინებში გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ ნებისმიერი ინტერვენცია გავლენას ახდენს როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე. სირთულეს განაპირობებს გარემოება, რომ დედის ჯანმრთელობისთვის საჭირო სამკურნალო-სადიაგნოსტიკო ღონისძიებები შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ნაყოფისთვის, ხოლო ნაყოფის შესანარჩუნებლად მიმართული შესაძლებელია დედის დაავადების არასასურველი გამოსავლის მიზეზი გახდეს. ამდენად უნდა მოიძებნოს ორივესთვის ოპტიმალური მიდგომა, როგორც გულ-სისხლძარღვთა გართულებათა რისკის შეფასების, ასევე ამ რისკის მართვისას.

ყოველივე ზემოთაღნიშნული საფუძველს იძლევა შემდეგი ზოგადი მოსაზრებებისთვის
  • რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომელთაც გააჩნიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი ან არსებობს ეჭვი ამ დაავადებების არსებობაზე, საჭიროებენ კონსულტირებასა და მოვლას ორსულობის დადგომამდე.
  • ამ კონტიგენტის მართვა უნდა განხორციელდეს ექიმთა ინტერდისციპლინარული ჯგუფის მიერ.
  • მაღალი გულ-სისხლძარღვთა რისკის ორსულების მკურნალობა უნდა წარმოებდეს სპეციალიზირებულ ცენტრებში.
  • სადიაგნოსტიკო პროცედურები და სამკურნალო  ჩარევები უნდა განხორციელდეს მაღალკვალიფიციური და ორსულების მკურნალობის გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ.
ორსულებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და რისკის შეფასების ალგორითმში პირველი და მნიშვნელოვანი საფეხურია სიმპტომების შეფასება და ანამნეზის დეტალური შეგროვება, შემდეგ ფიზიკალური კვლევა. სიმპტომების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქოშინისა და გულის ფრიალის შეფასება გულის სარქვლოვანი დაზიანებებისა და გულის უკმარისობის დიაგნოსტიკისთვის. პირადი და ოჯახური ანამნეზის საფუძვლიანი შეკრება მნიშვნელოვანია ისეთი დაავადებების იდენტიფიცირებისათვის, როგორიცაა კარდიომიოპათია, მარფანის სინდრომი, ბრუგადას სინდრომი, გულის თანდაყოლილი დაავადებები, კატექოლამინერგული პარკუჭოვანი ტაქიკარდია და ა.შ.

აუსკულტაციური მონაცემები გადამწყვეტია შემდგომი კვლევის დაგეგმისთვის, გულის პათოლოგიური ხმიანობების აღმოჩენისა და ქოშინის არსებობის შემთხვევაში ნაჩვენებია ექოკარდიოგრაფიული კვლევა.

ექოკარდიოგრაფია მიჩნეულია სკრინინგის არჩევით მეთოდად ორსულებში გულის ფუნქციის შესაფასებლად, როგორც მარტივად შესასრულებელი, თავისუფალი გამოსხივებისგან და შესაძლებელი განმეორების თვალსაზრისით საჭიროების შესაბამისად.

ორსულების ფიზიოლოგიიდან გამომდინარე ელექტროკარდიოგრამა განიცდის გარკვეულ ცვლილებებს, რომელიც შესაძლებელია დაემსგავსოს გულის კუნთის ჰიპერტროფიასა და ზოგიერთი სხვა სტრუქტურული ცვლილებების სურათს, რაც თავისთავად საჭიროებს დიფერენცირებას.

ორსულებს, რომელთაც უვლინდებათ გულის ფრიალის სიმპტომები ან აქვთ უკვე დადგენილი არითმია (პაროქსიზმული ან პერსისტული ფორმები) უნდა ჩაუტარდეთ ჰოლტერის ელექტროკარდიოგრაფიული მონტორირება,

ნაჩვენებია სტრეს-ტესტის ჩატარება რისკის და ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მიზნით.

გამოსახულებითი მეთოდების ( გარდა ულტრაბგერითი) გამოყენება ორსულებში შეზღუდულია გამოსხივების მაღალი დონის გამო და ტარდება მხოლოდ სპეციალური ჩვენებით.

ორსულ ქალებში გულის იდენტიფიცირებული დაავადებებით უნდა შეფასდეს გართულებების რისკი, რაც განაპირობებს ექიმის შემდგომ ტაქტიკას. მოწოდებულია რისკის შეფასების სისტემები, რომლებიც  მეტ-ნაკლებად იძლევიან გართულებების პროგნოზირების საშუალებას: CARPREG რისკის ქულათა ცხრილი,  ZAHARA   ცხრილი, WHO მიერ შემუშავებული ცხრილი

მასალა მომზადებულია
საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიმართულებით მომუშავე ჯგუფის მიერ.
20.12.2011
უკან დაბრუნება
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved