აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish

პროგრამა ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშწყობის“ კომპონენტი ,,რეპროდუქციული ასაკის ქალთა კარდიო-ვასკულური სიკვდილობის ანალიზი“

2010 წლის 7 დეკემბერს ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკის ინსულტის ასოციაციის (AHA/ASA) მიერ გამოქვეყნდა როგორც იშემიური, ასევე ჰემორაგიული ინსულტის პირველადი პრევენციის გაიდლაინი. განვითარებული თავის ტვინის ინსულტების 75% -- პირველი ინციდენტის შედეგია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრევენციული სტრატეგია. ამ მიმართულებით – არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტერინის მონიტორირება, თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, მოციმციმე არითმიის სკრინინგი და მკურნალობა და ა.შ. აღნიშნული ასოცირებულია ინსულტის რისკის შემცირებასთან 80%-ით.

უმთავრესი სტრატეგია არის პრაქტიკოსი ექიმების მიერ ინსულტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პირების გამოვლენა და ამ რისკის სწორი მენეჯმენტი (სკრინინგი, რეფერალი, ე.წ. პრევენციული მკურნალობა, მაგ.: ასპირინით და ა.შ.)

ინტრაცერებრალური ჰემორაგია განიხილება როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთერთი ყველაზე მძიმე პრობლემა. რისკის სტრატიფიცირების თვალსაზრისით, პირველ რიგში განხილვადია – ასაკი და არტერიული ჰიპერტენზია (50-70%).

ეპიდემიოლოგიური კვლევებით დადგენილია, რომ 5-6მმ.ვ.წ.სვ. დიასტოლური წნევის დაქვეითება ასოცირებულია ინსულტის განვითარების რისკის შემცირებასთან 38%-ით, ხოლო სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება 10მმ. ვ.წ.სვ., 28%-ით ამცირებს განმეორებითი ინსულტის განვითარების რისკს.

უახლესი მტკიცებულებებით, ადექვატური ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა არის ერთგვარი ბარიერი და განიხილება როგორც პროტექტორული ფაქტორი კოგნიტიური მოშლილობისა და სისხლძარღვოვანი დემენციის განვითარების მხრივ, აღნიშნულ კონტიგენტში.

საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების 2008-2010 წლებში განხორციელებული ფარმაკო-ეპიდემილოლოგიური კვლევების საფუძველზე გამოვლენილია ქართულ პოპულაციაში წნევისდამწევი მკურნალობის ხანგრძლივი პროცესის მნიშვნელოვანი დეფექტები – პაციენტების თვითშემოქმედება მკურნალობისას, დაბალი დამყოლობა მკურნალობაზე, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ხშირი ცვლა, წყვეტილობა მკურნალობაში, ექიმთან – პრეპარატის დოზის ტიტრაციის უზრუნველმყოფელი ვიზიტების კრიტიკული დეფიციტი და ა.შ.

კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის გაუმჯობესების მიზნით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის მონიტორინგული პროექტის ფარგლებში 2008-2009წწ. გამოიკითხა გადამზადებულ ოჯახის  ექიმთა 60% (ქ.თბილისი, კახეთის და იმერეთის რეგიონში). ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზია არტერიული ჰიპერტენზია.

საექიმო პრააქტიკაში არსებულ შემთხვევათა უმრავლესობის დამოუკიდებელი მართვის უნარი, ვიწრო სპეციალისტის საკონსულტაციო მონაწილეობის გარეშე აქვს გამოკითხულთა 29%-ს. ყველაზე ხშირად განხორციელებული რეფერალია – კარდიოლოგთან (62%-ში).

დამატებითი მომზადების საჭიროების სურვილი დაავადებათა დამოუკიდებელი მართვის მიზნით გამოთქვა ქ.თბილისის ოჯახის ექიმთა 95%-მა, მ.შ. 68% -- კარდიო-ვასკულურ დაავადებათა სფეროში.

პოპულაციის გამოკითხვით, თბილისში უკანასკნელი წლის განმავლობაში ოჯახის ექიმს მიმართა 50%-მა, მ.შ. 20% კმაყოფილია სამედიცინო მომსახურების ხარისხით, 34% -- არჩევანის შემთხვევაში მიმართავს სხვა დაწესებულებას.

2010 წლის ბოლოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორთა STEPS კვლევა საქართველოში (WHO-ს ტექნიკური დახმარებით). მომატებული არტერიული წნევის მქონე პირები 33%-ში (ორივე სქესის მოზრდილი პოპულაცია 18-64წწ.), 23,4% პირები არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც ამჟამად არ ღებულობენ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტს.

კვლევის შედეგების მიხედვით, ქართულ მოზრდილთა პოპულაციაში (18-64წწ) მხოლოდ 6,4%-ს არ აქვს არცერთი რისკ ფაქტორი, ხოლო 35,2%-ს აქვს 3 ან მეტი რისკ-ფაქტორი.

რაც შეეხება სიკვდილობას, ასოცირებულს არტერიულ ჰიპერტენზიასთან, სიკვდილობის ზოგად სტრუქტურაში ის იკავებს I ადგილს და შეადგენს 48,8%-ს საქართველოში.

2002 წლიდან ქვეყანაში პათოლოგანატომიური გაკვეთა აუცილებელია თუ არის ეჭვი განსაკუთრებით საშიში ინფექციით გამოწვეულ სიკვდილზე. ყველა სხვა შემთხვევში ხორციელდება გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული ნების გათვალისწინებით ან მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. (კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 153).
 
აუტოფსიური კვლევის მაჩვენებელი საქართვლოში კრიტიკულად დაბლია, 2009წ. – 128 (მ.შ. სტაციონარში – 90) – მოზრდილ პაციენტებში. 

აქედან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემების სარწმუნოების მიმართულებით სიკვდილის ძირითადი მიზეზის სერტიფიცირების თვალსაზრისით ბევრი დეფექტია,მათ შორის ერთერთი მნიშვნელოვანი – სიკვდილის მიზეზის სერტიფიცირება მხოლოდ ტერმინალური მდგომარეობების მითითებით, მაგალითად გულის ან სუნთქვის უკმარისობით. 

თვით გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა სტრუქტურაში სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზის ვერიფიცირება სრულყოფას საჭიროებს, რაც უფრო ნათელს გახდის ოპერატიულ ინტერვენციათა აუცილებლობას კარდიო-ვასკულური საბოლოო წერტილების პრევენციის მიზნით. 

გაიდლაინები სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ერთერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ბერკეტია. ექიმთა პროფესიულ ქცევაზე ზემოქმედების სისტემური მიმოხილვები ცხადყოფენ, რომ მიუხედავად სათანადო გაიდლაინების არსებობისა, ჯერ კიდევ ხშირია ზოგიერთი ქრონიკული დაავადებების პირველ რიგში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა არაეფექტური მართვის შემთხვევბი

რეკომენდაციის განხორციელება ახალ ცოდნას, ახალ ჩვევებს და ორგანიზაციულ ცვლილებებს მოითხოვს. გაიდალინების იმპლემენტაციის სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მოსალოდნელი ბარიერები და/ან ხელშემშლელი ფაქტორები. გასათვალისწინებელია ჯანდაცვის პროფესიონალთა მზაობა, მათი მოტივაცია, სტიმული, სამუშაო გარემო (ტრადიციები, შეხედულებები, დროის დეფიციტი, კომუნიკაციის პრობლემები).

ხშირად გაიდლაინის იმპლემენტაციას ართულებს პაციენტის არასაკმარისი ინფორმირებულობა დაავადების, თუ რისკ-ფაქტორის მართვის მნიშვნელობის შესახებ. კვლევები ადასტურებს, რომ პაციენტთა შეხედულებები და ცოდნა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მართვისას, როდესაც პაციენტის როლი ფაქტიურად გადამწყვეტია.

საქართველოს კანონმდებლობაში აღიარებულია ერთის მხრივ, პაციენტის უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება, ხოლო მეორეს მხრივ, ადექვატური ხარისხის მომსახურების გაწევა ექიმის მოვალეობად არის მიჩნეული. იმპლემენტაციის შედეგების შეფასება ითვალისწინებს:
  • გაიდლაინის შესრულების პროცესის შეფასებას 
  • გაიდლაინის გამოყენების კლინიკურ გამოსავალზე რეალური დადებითი ეფექტის შეფასებას.
ძირითადი ბარიერი ამ მიმართულებით პროფესიული ცოდნის დეფიციტია სამედიცინო პერსონალს შორის. 

საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ 2010 წლის ბოლოს განხორციელდა კარდიოლოგიური პროფილის გაიდლაინების იმპლემენტაციის პროცესის შეფასება სპეციალურად შექმნილი კითხვარების საშუალებით.

საუბარია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007წ. 28.07 #264/ო და 2008წ. 12.12 #280/ო ბრძანებით დამტკიცებულ შემდეგ გაიდალაინებზე:
  1. არტერიული ჰიპერტენზია.
  2. გულის იშემიური დაავადება.
  3. გულმკერდში ტკივილის მართვა.
  4. გულის უკმარისობის დიაგნოსტიკა და მართვა.
  5. სუპრავენტრიკულური არითმიების დიაგნოსტიკა.
ანონიმურად გამოიკითხა 219 ოჯახის ექიმი თბილისში, ბათუმში,  რუსთავში, გარდაბანში, ზუგდიდში, 46 სოფლის ექიმი აჭარის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

გამოკითხულთა უმრავლესობა ეთანხმება აზრს, რომ გაიდლაინების რეკომენდაციები გამოყენებადია ყოველდღიურ პრაქტიკაში და რომ  გაიდლაინები შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ. ასევე, რომ  გაიდლაინების შემქმნელებსა და პრაქტიკოს ექიმებს შორის მნიშვნელოვანი დისტანციაა და გაიდლაინი არ არის ადვილად დასანერგი პრაქტიკაში.

გამოკითხულ ექიმთა 80% თვლის, რომ გაიდლაინის იმპლემენტაციის პროცესი მოითხოვს სხვა ტიპის საგანმანათლებლო ინტერვენციებს, პრაქტიკაზე ორიენტირების, პროფესიონალების, პირველ რიგში რეკომენდაციათა ავტორების ჩართვით. რაც შეეხება ფორმატს – დიდაქტიკური ტიპის სალექციო კურსის პარალელურად უნდა გააქტიურდეს ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრები ადგილზე.

კითხვარის პირველი ნაწილი ძირითადად ორიენტირებული იყო ექიმების უკუკავშირის გამოვლენაზე. დამოკიდებულების დასადგენად გაიდლაინების, კონკრეტულად კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის რეკომენდაციების მიმართ. რაც შეეხება კითხვარის დასკვნით ნაწილს – კლინიკური მოსაზრებები. საუბარია აღნიშნულ დაავადებათა მართვის სტანდარტებზე გამოკითხულ ექიმთა მხოლოდ 8% (კვლევის გეოგრაფიის მიუხედავად) ფლობს კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის ალგორითმებს და ფაქტიურად არის გაცნობილი აღნიშნულ გაიდლაინებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც პროფესიული ასოციაციის რეკომენდაცია გახლავთ პირველადი ჯანდაცვის რგოლში კლინიკური პრაქტიკის შეფასების განხორციელება დარგის ექსპერტთა (და არა ოჯახის ექიმების გადამამზადებელი კადრების) მიერ, რეალური საჭიროებების გამოვლენა და მათი დამატებითი ტრენირება ადექვატური საგანმანათლებლო ფორმატით.

2008 წელს საქართველოში განხორციელდა რეპროუქციული ასაკის ქალთა სიკვდილობის მიზეზთა შემსწავლელი კვლევა GERAMOS-06 (Reproductive Age Mortality Survey). კვლევა მიზნად ისახავდა 2006 წელს საქართველოში რეპროდუქციული ასაკის (15-49წწ), მუდმივად მცხოვრებ ქალთა სიკვდილის ყველა შემთხვევის შესწავლას ვერბალური აუტოფსიის კითხვარის საშუალებით. ოჯახებში ინტერვიუ ჩატარდა 918 შემთხვევაში, მ.შ. კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მიზეზით სიკვდილი დაფიქსირდა 107 შემთხვევაში (11,7%). მას დაემატა 11 სადისკუსიო შემთხვევა და საბოლოოდ კარდიო-ვასკულურ დაავადებათ მიზეზით სიკვდილობამ მოიცვა 118 შემთხვევა.

RAMOS – კვლევის ძირითადი მიზნის შესაბამისად, თვით ამ კვლევის ფარგლებში ორსულობისას ან ორსულობის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში ქალის სიკვდილის შემთხვევაში განხორციელდა ე.წ. დაწესებულების ეტაპი (იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნა გაწეული სამედიცინო მომსახურება ფატალური ავადმყოფობის ან მდგომარეობის გამო – სამედიცინო დოკუმენტის განხილვა და ჩაღრმავებული ინტერვიუ სამედიცინო პერსონალთან.)

სიკვდილობის სტრუქტურაში, რეპროდუქციული ასაკის ქალთა კარდიო-ვასკულური მიზეზით სიკვდილის პრიორიტეტულობის გამო (ავთვისებიანი სიმსივნეები 45,4%, გარეგანი მიზეზები 15,8%, კარდიო-ვასკულური დაავადებები 11.7%). ზემოთაღნიშნული მეთოდიკით საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ დაიგეგმა დაწესებულების ეტაპი ამ მიმართულებითაც.

აღნიშნული განხორციელდა დაავადებათა პრევენციის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დაავადებათა გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტის, რეპროდუქციული ასაკის ქალთა კარდიო-ვასკულური სიკვდილობის კვლევის ქვეკომპონენტის ფარგლებში.

კვლევის საბოლოო პროდუქტი არის რეპროდუქციული ასაკის ქალთა კონტიგენტში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის პროტოკოლი – სახელმწიფო სტანდარტი, რომელიც ინტეგრირდება ორსულობის პატრონაჟის რეკომენდაციებში.

აღნიშნული პროდუქტის შექმნისას გათვალისწინებული იქნება როგორც კვლევა RAMOS-06 –ის საერთო გამოსავლები, ასევე კარდიო-ვასკულური სიკვდილობის კვლევის შედეგები, კერძოდ:
  1. 2006 წელს ადრეულ დედათა სიკვდილობის ერთ მესამედზე მეტი და გვიანი დედათა სიკვდილობის 60% გამოწვეული იყო ორსულობის შედეგად გამწვავებული წინამორბედი დაავადებებით ან მდგომარეობებით პირველ რიგში თანდაყოლილი ან შეძენილი კარდიო-ვასკულური დაავადებებით.
  2. რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილობის კარდიო-ვასკულურ მიზეზთა სტრუქტურაში პირველ ადგილზეა ჰემორაგიული ინსულტი, ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე 57%.
  3. კარდიო-ვასკულური სიკვდილობის მიზეზთა შორის გამოვლინდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (18%), უეცარი კარდიული სიკვდილი (13%), 12% შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი უცნობია.
  4. კარდიო-ვასკულური მიზეზით გარდაცვლილთა 80% 40-49წწ., ასაკოვანი ჯგუფებშია (40-44წწ. – 28%, 45-49წწ. – 52%)
  5. გამოკვლეულ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში 83% (კვლევის გეოგრაფიის მიუხედავად) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ამბულატორული დოკუმენტაცია არ არის ანუ ამ ასაკობრივი ჯგუფის ქალები კვდებიან ადრეულ ასაკში მათი კარდიო-ვასკულური რისკის ვერიფიცირების გარეშე.
  6. ხარვეზებია ამბულატორულ დაწესებულებებში სამედიცინო ჩანაწერების შენახვის წესების მიმართულებით.
  7. შემთხვევათა 41%-ში სიკვდილი დაფიქსირებულია სტაციონარში, მხოლოდ 1 შემთხვევაშია ჩატარებული აუტოფსიური კვლევა.
  8. სტაციონარულ ისტორიებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა იგნორირებულია პაციენტის რეპროდუქციული ანამნეზი.
  9. კვლავ სახეზეა დეფექტები სიკვდილის სამედიცინო სერტიფიკატის შევსებისას, რაც ძირითადად მდგომარეობს სიკვდილის მიზეზის სერტიფიცირებაში მხოლოდ ტერმინალური მდგომარეობების მითითებაში (მაგ.: გულის ან სუნთქვის უკმარისობა) და ასევე სიკვდილის მომენტისათვის ორსულობის ან ორსულობის შემდგომი პერიოდის სტატუსის ინფორმაციის არ არსებობაში.
  10. ხარვეზებია ნევროლოგიური კლინიკის მქონე პაციენტების ურგენტული მიზნით ჰოსპიტალიზაციის ორგანიზებისას სტაციონარის ტექნიკური სიმძლავრეების გაუთვალისწინებლობის თვალსაზრისით სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ.
  11. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირებისას და ზოგადად გულმკერდში ტკივილის მართვის პროტოკოლის იგნორირება სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ (მაგ.: ეკგ აპარატის არ არსებობის შემთხვევაში).
  12. განსაკუთრებული ხარვეზებია ამ მხრივ სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისას.
ქალის რეპროდუქციული ანამნეზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი გართულებების რისკის სტრატიფიცირებისას. უახლესი მტკიცებულებებით, გართულებებით მიმდინარე ორსულობები განიხილება შემდგომში კარდიული დისფუნქციის რისკად.

საუბარია პრეეკლამფსიისა ან ე.წ. HELLP სინდრომის არსებობისას ორსულობის პერიოდში, ექოკარდიოგრაფიული პარამეტრების გამოვლენაზე ადექვატური ანტენატალური მეთვალყურეობის მიზნით.

ორსულთა მშობიარობამდელი ანუ ანტენატალური მეთვალყურეობა – თანამედროვე მტკიცებულებების მიხედვით არ აუმჯობესებს მშობიარობის გამოსავალს, ის ეხმარება ქალს და ნაყოფს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ქართულ სინამდვილეში 4 ანტენატალური ვიზიტის სქემა არსებობს, დაბალი რისკი ჯგუფის ორსულთათვის. პირველი ვიზიტის დროს სასურველია ჩატარდეს თერაპევტის კონსულტაცია, ანუ სახელმწიფო პროტოკოლში აღნიშნულია, რომ პირველი ვიზიტის დროს ანუ 13 კვირამდე უნდა განისაზღვროს ორსულთა ის კატეგორია, რომელიც საჭიროებს დამატებით მეთვალყურეობას. ორსულთა ამ ჯგუფის გამოსავლენად, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევაც კი არ არის გათვალისწინებული, რაც ალბათ გაართულებს კარდიო-ვასკულური რისკის გამოვლენას.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის საფუძველზე, ქართულ პოპულაციაში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის გაუმჯობესების მიზნით საგანმანათლებლო მიმართულების გააქტივების საჭიროება როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, ასევე მიმღებ რგოლში ეჭვს არ იწვევს. პროფესიული ასოციაციის მიერ სტანდარტული, სარწმუნო კვლევებით მოპოვებული მტკიცებულებები განსაზღვრავს გარკვეულ როტაციის საჭიროებას სასწავლო პრიორიტეტებსა და სწავლების ეფექტური ფორმატის ადაპტაციაში.

კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ეფექტური კონტროლის მიზნით  პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებათა სამედიცინო პერსონალის (ოჯახის ექიმი, ოჯახის ექთანი) სწავლების მიმართულებებია:
  1. კარდიოლოგიურ დაავადებათა მართვის გაიდლაინების (არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, გულმკერდში ტკივილის მართვის, გულის უკმარისობის, სუპრავენტრიკულური არითმიების) დანერგვის ხელშეწყობა, გაიდლაინში ასახული რეკომენდაციების აღიარებისა და ჯანდაცვის პროფესიონალთა მიერ პრაქტიკულ საქმიანობისას განხორციელების მიზნით.
    1.1 ინტერაქტიული საგანმანათლებლო შეხვედრები;
    1.2 საგანმანათლებლო ვიზიტები ადგილზე
    1.3 აუდიტი – კლინიკური საქმიანობის ანალიზი და უკუკავშირი – შედეგების მოწოდება.
  2. ,,ექიმსა და პაციენტს შორის პარტნიორული ურთიერთობა – დაავადებათა ეფექტური მართვის გასაღები “ – სასწავლო კურსის ადაპტირება საოჯახო მედიცინის ცენტრებში.
  3. მარკეტინგული ღონისძიებები კლინიკური გაიდალაინების იმპლემენტაციის პროცესში ბარიერების გამოსავლენად, რომელიც ცვლილებებს ხელს უშლის (პერსონალური ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი).
საზოგადოების სამუშაო ჯგუფის აზრით, აღნიშნული გამოსავლების ადვოკაცია და ლობირება აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წრეებში.

განსაკუთერბული მნიშვნელობის ფაქტად მიგვაჩნია საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ განხორცილელბული  შეფასებითი და მონიტორინგული კვლევის შედეგების ინტეგრირება USAID-ის ,,Assessment of Non-Communicable Disease Screening Practices and Selected Matrnal Newborn Practices inWomen of Reproductive Age in Albenia, Armenia, Georgia and Russia” დოკუმენტში ე.წ Key ინფორმაციის სახით.

რაც შეეხება კარდიო-ვასკულურ დაავადებათა მართვის გაუმჯობესების რეკომენდაციებს, ისინი მოიაზრება რამდენიმე ძირითად მიმართულებად:
  1. დაავადებათა აქტიური გამოვლენის და კარდიო-ვასკულური რისკის შეფასების გაძლიერება.
  2. მანიფესტირებული კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ფატალური და არაფატალური გართულების პრევენციის სტრატეგიის გააქტივება.
  3. სამედიცინო დოკუმენტაციის შევსების ხარისხის სრულყოფა, შენახვის წესების დაცვა, სამეცნიერო-პრაქტიკული მნიშვნელობის სამედიცინო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინდივიდუალურ და პოპულაციურ დონეზე განხორციელებული ინტერვენციების ეფექტურობის შეფასებისა და მონიტორირების მიზნით. განსაკუთრებით გამოვყოფთ საგანმანათლებლო ინტერვენციას სამედიცინო პერსონალში და აღნიშნულ რეკომენდაციათა ადვოკაციის ოპერატიულ აუცილებლობას სოფლად პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას.
22.12.2010
უკან დაბრუნება
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved